სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ბიბლიოთეკის კარი დაიხურა, მაგრამ მაინც მკითხველთან ვრჩებით“
„ბიბლიოთეკის კარი დაიხურა, მაგრამ მაინც მკითხველთან ვრჩებით“

ახალმა კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ ბევრი რამ შეცვალა. არაერთი დაწესებულება გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, მათ შორის, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაც.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკა არა მხოლოდ უნიკალურ წიგნად ფონდს უვლის, არამედ დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა.
როგორც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ გვითხრა, საგანგებო მდგომარეობის დროს მათ ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. ბიბლიოთეკის კარი კი დაიხურა (რა თქმა უნდა, დროებით), მაგრამ ისინი მაინც მკითხველთან ერთად არიან. . . ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელი ზრუნავს იმაზე, რომ მათ დისტანციურად მიაწოდონ ახალი ინფორმაციები, დისტანციური კითხვის სხვადასხვა ჩანაწერი. დაწესებულების გვერდზე იხილავთ მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიულ ცნობებს, საინტერესო ამბებს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების შესახებ.
– დღეისთვის ბიბლიოთეკაში რვა განყოფილება მუშაობს. მისი ფონდები გეგმაზომიერად და სისტემატურად მდიდრდება პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. ჩვენი მიზანია, მკითხველს მივაწოდოთ სასურველი ლიტერატურა როგორც მატერიალური სახით, ისე ინტერნეტით. ჩვენი ბიბლიოთეკის დანიშნულება ყოველთვის იყო და იქნება წიგნის პოპულარიზაცია და მკითხველის დაკმაყოფილება საჭირო ლიტერატურით. ამიტომ ონლაინრეჟიმში საქმიანობას მიმდინარე წლის მარტამდეც ვგეგმავდით, ვმუშაობდით პირდაპირი ჩართვებითა და ვიდეორუბრიკებით. პირდაპირი ეთერით მუდმივად ვაშუქებდით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ვიწვევდით მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ლექტორებს საჯარო ლექციებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ვიდეოინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან და ბიბლიოთეკის გვერდზე შევქმენით „ბათუმის ტვ ბიბლიოთეკა“, ავამუშავეთ პერიოდული ელექტრონული ჟურნალი – „ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა: გუშინ, დღეს, ხვალ“. ბიბლიოთეკის აივნიდან აუდიოაპარატურით წარმატებით ხორციელდება აჭარის მწერალთა სახლის პროექტი – „პოეზიის საღამო“, საიდანაც ისმის ქართველი ხელოვანების, მწერლებისა და პოეტების საუკეთესო ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები, რომლის მოსმენა არა მხოლოდ ბიბლიოთეკის მკითხველს, არამედ ქალაქის ყველა მცხოვრებს და სტუმარს შეუძლია, – გვითხრა ინგა გოგიბერიძემ.
ამავე ბიბლიოთეკის სოციალურ გვერდზე პროექტის – „დისტანციურად კითხვის დრო ინგასთან ერთად“’ ფარგლებში, პირდაპირ ვიდეოჩართვებში კითხულობენ წიგნებს, მკითხველს ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას ღირსშესანიშნავი თარიღებისა და მსოფლიო ბიბლიოთეკების ისტორიების შესახებ. დისტანციურად მუშაობს კლუბები „შენი სივრცე“, „საზღაპრეთი“, „ფილმების საღამოები“, ქვეყნდება მასალები რელიგიური დღესასწაულების შესახებ. პროექტის „დრო ძვირფასია“ ფარგლებში ბიბლიოთეკის ეთერში ვიდეო და აუდიორგოლები ტრიალებს. ქვეყნდება ბიბლიოგრაფიული ცნობები და სარეკომენდაციო სიები, მკითხველი ონლაინრეჟიმში ეცნობა ქართულ და საბავშვო ჟურნალებს.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მკითხველისთვის ინტერვიუები მხატვრებთან, ხელოვანებთან, მუსიკოსებთან, პოეტებთან და მწერლებთან, რომლებსაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები აშუქებენ. პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მხატვრების ვირტუალური გამოფენები. პანდემიის პირობებში ბიბლიოთეკის დირექციამ და თანამშრომლებმა მუშაობა გააორმაგეს. მათ გვერდზე წაიკითხავთ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ მასალებსაც. საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომლები ყველა ასაკის მკითხველთან მუშაობენ. ვიდეოჩართვებით პატარებისთვის განკუთვნილ ლიტერატურის კითხვასთან ერთად, ბავშვები ონლაინრეჟიმში მულტფილმებს და მხატვრულ ფილმებსაც ნახულობენ.
„მზად ვარ გული გადაგიშალო“ – ამ რუბრიკით არაერთ ცნობილ ადამიანს შეხვდნენ, მათ შორის, მწერალ რამაზ სურმანიძეს. საინტერესო იყო ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მასალები, რომელიც ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გააცნო მკითხველებს.
2006 წელს ბიბლიოთეკის შენობაში უცხოური განყოფილების ბაზაზე ამერიკული კუთხე დაარსდა, რომელსაც კოორდინირებას ამერიკის საელჩო უწევს, ხოლო პროგრამების ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. იგი ევროპის მასშტაბით ამერიკულ კუთხეებს შორის საუკეთესოდ დასახელდა.
ამერიკული კუთხის თანამშრომლები პანდემიამდეც საინტერესოდ მუშაობდნენ დისტანციურ რეჟიმში, სკაიპის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ახორციელებდნენ ჩართვებს მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ლექტორებთან. მარტი-აპრილის თვეში ასეთი ჩართვები გახშირდა და ყველა ღონისძიება ამ ფორმატით მიმდინარეობს. საინტერესო ჩართვა ჰქონდათ ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტ ლუკა გოცირიძეს და აბუ-დაბიში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტ დავით ჯინჭარაძეს. მათ ისაუბრეს უცხოეთში სტუდენტური ცხოვრების შესახებ. ჩატარდა, ასევე, რამდენიმე ონლაინლექცია ამერიკული ჯაზისა და დედამიწის დღის აღსანიშნავად.
გვჯერა, სულ მალე ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, ბიბლიოთეკის კარი გაიღება და დარბაზებიც მკითხველით აივსება.


«««