სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დღეს გრიგოლ ვოლსკის დაბადების დღეა.
დღეს გრიგოლ ვოლსკის დაბადების დღეა.

     დღეს გრიგოლ ვოლსკის დაბადების დღეა. მას ბათუმის აღმშენებლობის, კეთილმოწყობის, განათლების, კულტურის აღორძინებისა და ქალაქში ქართული ტრადიციების დამკვიდრებაში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის.

     გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი დაიბადა 1859 წლის 24 იანვარს ქუთაისში, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტის ოჯახში.   მამა მას ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა დედას ხვდა წილად. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და  დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1886  წელს აიღო დიპლომი და მიენიჭა მკურნალის ხარისხი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ,  თავისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური საქმიანობიდან გამომდინრე, დაუახლოვდა ქართველი ერის წინამძღოლს ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, სოფრომ მგალობლიშვილს, თედო სახოკიას და სხვა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს. სოფრომ მგალობლიშვილი მის შესახებ წერდა: „გრიგოლი იყო იშვიათი ენერგიის ადამიანი, პირდაპირი, მტერთან ბრძოლაში გულადი, მოურიდებელი, გამჭრიახი სიტყვისა, თავდადებული მამულიშვილი და უანგარო პატრიოტი. მას ეკლესიის საქმეც კი აინტერესებდა იმდენად, რამდენადაც იგი იყო ერთად შემკრები ქართველობისა. იგი ცდილობდა ქართველებისათვის ერთად მოეყარა თავი და შეექმნა ძალა ერთობისა. იმისივე მხნეობას ეკუთვნის კულტურული დაწესებულების - ქართული სკოლის უკეთესად დაყენება და განვითარება. ცდილობს მომავალი თაობის უკეთესად აღზრდას, ცდილობს გააღვიძოს ქართველობაში თავისი ვინაობის პატივისცემა, სამშობლო ქვეყნის სიყვარული და მისთვის თავდადება...“

       ბათუმში  გრიგოლ ვოლსკი ჩამოვიდა 1889 წელს და რკინიგზის ექიმად დაიწყო მუშაობა. "ბედმა ბათუმში ჩამოაგდო რკინიგზაში მოსამსახურე ექიმი გრიგოლ ვოლსკი" – წერდა დავით კლდიაშვილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ვოლსკის მუნიციპალური საქმიანობა, ბათუმის თვითმმართველობაში. იგი ილაშქრებდა ზოგიერთი ჩინოვნიკის შოვინისტური ზრახვების წინააღმდეგ და ყოველმხრივ ცდილობდა ქალაქის თვითმმართველობაში ქართველების რიცხვის გამრავლებას. დიდი ილიას დახმარებით ახერხებდა ახლად განთავისუფლებულ აჭარაში ქართული ეროვნული საქმის მოგვარებას.

       სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი ქალაქის თავად ჯერ ლუკა ასათიანის , ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ივანე ანდრონიკაშვილის გაყვანა. ამ ჭეშმარიტ მამულიშვილებთან ერთად გრიგოლმა ბევრ ეროვნულ და სოციალურ საქმეს ჩაუყარა საფუძველი.  "....მას უკან დღემდე ბათუმს განაგებს ქართველობა.... მიზეზი ამისა იყო და არის გრიგოლ ვოლსკი" - წერდა სოფრომ მგალობლიშვილი.

       გრიგოლ ვოლსკის თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის გამგეობის წევრიც იყო. 1908 წელს დაარსა ბათუმის საბავშვო მუზეუმი. მისი ინიციატივით გადაწყდა ქალაქის თვითმმართველობისთვის საკუთარი შენობის აგება.

       გრიგოლ ვოლსკი თავდაუზოგავად იბრძოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის - ხელმძღვანელობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აჭარის განყოფილებას, მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას.  ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდში იგი იყო რიგითი ხმოსანიც, ხაზინადარიც, გამგეობის წევრიც, ქალაქის თავის მოადგილეც. ვოლსკი მოხერხებულად იყენებდა ქალაქის თვითმმართველობის წევრის უფლებებს, რათა ხალხის სასიკეთოდ შეეცვალა სახე მაშინდელი ბათუმისთვის. ხანმოკლე აღმოჩნდა ვოლსკის სამსახური ქალაქის თვითმმართველობაში. 1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბათუმი და თბილიში გადასულიყო, სადაც სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

       მეტად საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობაში.

        გრიგოლ ვოლსკი იყო საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. წერდა „გრიგოლ უმწიფარიძის“ ფსევდონიმით. მის კალამს ეკუთვნის მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკაზე შექმნილი, პოპულარულ რომანსად ქცეული „შენ გეტრფი მარად“.

      2013 წელს ქალაქ ბათუმის საკრებულომ გორგილაძის ქ. N–25 მდებარე კორპუსის ეზოში, სადაც ადრე ეკლესია ყოფილა და სადაც სავარაუდოდ დაკრძალულია გრიგოლ ვოლსკი საინფორმაციო დაფა განათავსა. მისი სახელი მიენიჭა ბათუმის ერთერთ ცენტრალურ ქუჩას.

      გრიგოლ ვოლსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.

 

  1. გაგუა  ო. მამულიშვილთა უკვდავყოფა საერთო საზრუნავია [გრიგოლ ვოლსკისა და ფრიდონ ხალვაშის შესახებ] // აჭარა. - ბათუმი, 2010. - 17-18 აგვისტო. - N 92(23.307). - გვ. 6

 

  1. გიორგაძე ლ. ძეგლის ღირსი [გრიგოლ ვოლსკის მოღვაწეობის შესახებ]  // ლიტერატურული აჭარა. – 2001. - მარტი. – N 3. - გვ. 111

 

  1. გოგოლიშვილი ო. გრიგოლ ვოლსკი, როგორც საზოგადო მოღვაწე და პოეტი / ოთარ გოგოლიშვილი ; რედ. მერაბ მეგრელიშვილი ; ხარიტონ ახვლედიანის სახ. აჭარის მუზეუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის ისტორიის, არქეოლ. და ეთნოლ. დეპარტამენტი. - თბ. : საჩინო, 2012. - 28 გვ. 

 

  1. გოგოლიშვილი ო. თვითმმართველობის ორგანოების უპირველესი მისია : ინტერვიუ / ოთარ გოგოლიშვილი ; ესაუბრა რევაზ მსხილაძე [საუბარი, ეროვნული მოღვაწეების ბრძოლის შესახებ ბათუმის ქართულ ქალაქად გადასაქცევად]// აჭარა. - ბათუმი, 2014. - 6-7 თებერვალი. - N 15(23.825). - გვ.5

 

  1. გრიგოლ ვოლსკი - ბათუმის მოამაგე //აჭარა. - ბათუმი, 2008. - 3 აპრილი. - N 37(22.955). - გვ. 4
  2.  გრიგოლ ვოლსკი // აჭარა წარსულის გადასახედიდან / თეიმურაზ კომახიძე. - ბათუმი, 1999. - ISBN: 99928-44-02-5. - გვ. 312-317
  3. გუჯაბიძე შ. კაცი, რომელიც ჰგავდა ბათუმს [ გრიგოლ ვოლსკი და ბათუმი] // ბათუმელები. - ბათუმი, 2009. - 30 დეკემბერი. - N 50

 

  1. დუმბაძე ლ.  დაკარგული საფლავი [გრიგოლ ვოლსკის სავარაუდო საფლავის შესახებ]

 // ბათუმელები. - ბათუმი, 2009. - 8-15 აპრილი. - N 12(284). - გვ. 11

 

  1. კვაჭაძე ნ. ქალაქისთავები : ბათუმის ქალაქად ქცევის ისტორია [ ბათუმის ისტორია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე] // ბათუმელები. - ბათუმი, 2011. - 26 სექტემბერი-2 ოქტომბერი. - N 35(479.223). - გვ. 11
  2. კომახიძე თ. ბათუმის ამაგდარნი. - ბათუმი: გამომცემლობა „აჭარა“, 1993. – 134 გვ.

 

  1. კომახიძე თ. გრიგოლ ვოლსკი-აჭარის მოამაგე / თეიმურაზ კომახიძე. - ბათუმი : ალიონი, 2005 (ს.ს. "გამომცემლობა აჭარის" პოლიგრ. ცენტრი). - 192გვ.

 

  1. ნაცვალაძე დ. გრიგოლ ვოლსკი: [ცხოვრება და მოღვაწეობა]. - ბათუმი : სახელგამი, 1955 (საქმთავარპოლიგრაგამომც. ბათუმის სტ.-ლით). – 104 გვ. 

 

  1. სურმანიძე რ. ახალი ცნობები გრიგოლ ვოლსკის ბიოგრაფიიდან  // ჭოროხი. - ბათუმი, 1972. - N 4. - გვ. 74-80

 

  1. სურმანიძე რ. გრიგოლ ვოლსკის ერთი უცნობი წერილის შესახებ [ გრიგოლ ვოლსკის მიერ იაკობ გოგებაშვილისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებით] // აჭარა. - ბათუმი, 2011. - 26-27 მაისი. - N 58(23.423). - გვ. 5

 

  1. სურმანიძე რ. გრიგოლ ვოლსკი (უმწიფარიძე )[გრიგოლ ვოლსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ] // ბათუმი. - 1997. - 18-25 თებერვალი. - N 6(9). - გვ.3

 

  1. სურმანიძე რ. გრიგოლ ვოლსკი : (ცხოვრება და მოღვაწეობა) / რამაზ სურმანიძე; რედ. ოთარ გოგოლიშვილი. - ბათუმი, 2014. - 286 გვ. : ფოტ. ; 21 სმ.. - დაიბეჭდა ბათუმის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით. - პირთა საძიებელი: გვ. 276-283 

 

 

 

ტექსტი მოამზადა საცნობარო ბიბლიოგრაფიული და სამხარეთმცოდნეო განყოფილების უფროსმა - რუსუდან ქინქლაძემ.

 

 


«««