სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


100 წელი ოკუპაციიდან
100 წელი ოკუპაციიდან
 100 წლის წინათ, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველომ 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგა და ბოლშევიკური რუსეთის ანექსიის მსხვერპლი გახდა. მოვლენები ასე ვითარდებოდა:
1921 წელი 12 თებერვალი - რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. საქართველოს საზღვრებში შემოჭრა ასევე განხორციელდა დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილითა და შავი ზღვის სანაპიროდან. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ მე-8, მე-9 და მე-13 არმიები.
16 თებერვალი - შედგა დროებითი მთავრობა ე.წ. ‘’რევოლუციური კომიტეტი’’, რომელიც კრემლმა შემდეგი შემადგენლობით დააკომპლექტა: ფ. მახარაძე (რევკომის თავმჯდომარე), მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ა. გეგეჭკორი, ბ. კვირკველია, ან. ნაზარეტიანი და სხვ. რუსეთი ცდილობდა შეენიღბა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა, აჯანყებული საქართველოს მშრომელების სახელით მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა რევკომმა მოსკოვში მხოლოდ 1921 წლის 16 თებერვალს გაგზავნა, როცა 12 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შემოჭრილი და ომიც მიმდინარეობდა, ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის დაკავების შესახებ. საოკუპაციო ძალებს საქართველომ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000-იანი არმია დაუპირისპირა.
♦ 16 თებერვალი - წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.
17 თებერვალი - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე.
18 თებერვალი - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს.
19 თებერვალი - მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.
20 თებერვალი -კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.
♦  19-20 თებერვალი - სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.
23 თებერვალი - სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.
17-23 თებერვალი - ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.
♦  24 თებერვალი - საღამოს 10 საათი, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი.
25 თებერვალი - დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს მოსახლეობამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო რუსთაველის პროსპექტზე. ხალხმა ქართველი იუნკერები რუსული სობოროს ეზოში დაკრძალა. წითელ არმიას პროცესიისთვის ხელი არ შეუშლია.
♦თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია.
ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
♦ 1921წელი, 17 მარტი- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.
♦ 1922 წელს საქართველო ჯერ ამიერკავკასიის სფსრ-ში გააწევრიანეს, ხოლო შემდეგ იმავე წელს, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს შეუერთეს.

«««