საჯაროდ წიგნის კითხვის მსოფლიო დღე
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში, დღეს შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ბიბლიოთეკის საცავებში დაცულ უნიკალურ გამოცემებს, სხვადასხვა პერიოდით დათარიღებულ „ვეფხისტყაოსნის“ იშვიათ ეგზემპლარებს.
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საინტერესო სტროფები პოემიდან და აფორიზმები, წარმოაჩინეს ანალიზისა და გააზრების უნარები. შეხვედრა გაიმართა ფილოლოგთან და მხატვრული კითხვის სპეციალისტთან, მანანა სულაბერიძესთან, რომელმაც მოსწავლეებს დეკლამატორული ოსტატობის ხერხები გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდში ინახება „ვეფხისტყაოსნის“ 65 გამოცემა, რომელთაგან 8 უცხო ენაზეა გამოცემული.



















