სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


უძველესი საგანმანათლებო დაწესებულება 118 წლისაა
უძველესი საგანმანათლებო დაწესებულება 118 წლისაა
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბოიბლიოთეკა, ერთ-ერთი უძველესი დაწესებულებაა არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბოლო წლებში მან ბევრი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ფუნქცია შეიძინა. ეს ულამაზესი, მყუდრო შენობა ჭეშმარიტი ბათუმელისთვის საყვარელი ადგილია. აქ არაერთი საინტერესო ღონისძიება – შეხვედრა, ლექცია, პოეზიის საღამო იმართება. ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საიუბილეო თარიღებს აღუნიშნავენ აღიარებულ ხელოვანებს, საზოგადო მოღვაწეებს. ეს შეხვედრები მართლაც გამორჩეულია და თავისი წვლილი შეაქვს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ბიბლიოთეკას დაარსებიდან 118 წელი შეუსრულდა. მართალია, საიუბილეო თარიღი არ არის, მაგრამ ყველასთვის საყვარელი დაწესებულების შესახებ, ვფიქრობთ, ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ. დღეს ჩვენს მკითხველს ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის შესახებ ვრცლად უამბობს ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატალია ჭყონია.
– საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენაა 1878 წელს ოსმალეთის მიერ მიტაცებული აჭარის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნება. კულტურულ-მწიგნობრივი საქმიანობის, ქართული სულისკვეთების აღდგენა-განმტკიცების მიზნით, სკოლების გახსნისა და ქართული წერა-კითხვის გავრცელების პარალელურად, საჭირო იყო აჭარაში ქოხსამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დაარსება. იმხანად, არსებული ვითარებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ამ საკითხის დადებითად მოგვარება დიდ სიძნელეებთან გახლდათ დაკავშირებული. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, დიდი ილიას მეთაურობით, დაუცხრომლად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს ნამდვილად მამულიშვილური საქმე დადებითად გადაეჭრათ. პირველი ნაბიჯი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გადადგა. მან 1881 წელს ბათუმში პირველი ქართული სკოლა გახსნა. სწორედ ამ სკოლის მასწავლებლები მიხეილ შარაშიძე, ტერენტი წერეთელი იყვნენ ბათუმში ბიბლიოთეკის დაარსების მოთავეები, რომელთა ინიციატივასაც მთელი არსებით უჭერდნენ მხარს იმხანად ბათუმში მოღვაწე საზოგადო მოღვაწეები დავით კლდიაშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ივანე მესხი.
1902 წლის მარტში გრიგოლ ვოლსკიმ, რომელიც მაშინ ქალაქის მმართველობაში მუშაობდა, ბათუმში ბიბლიოთეკის გახსნის საკითხი სათანადო განხილვისათვის ქალაქის მმართველობაში წარადგინა. ქალაქის გამგეობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა. გადაწყვეტილება 1902 წლის 28 აპრილს გამართულ ბიბლიოთეკის საერთო კრებას მოხსენდა. კრებამ დამსწრეთა ხმის დიდი უმრავლესობით მოიწონა ქალაქის გამგეობის გადაწყვეტილება და მიიღო სათანადო დადგენილებაც, რომლის საფუძველზე ბათუმში 1900 წელს დაფუძნებული საქალაქო-სახალხო ბიბლიოთეკა უნდა შერწყმოდა ახლად ჩამოყალიბებულ საჯარო ბიბლიოთეკას. ამავე კრებამ აირჩია ასევე, საჯარო ბიბლიოთეკის საბჭოს ახალი შემადგენლობაც, რომელშიც შევიდნენ ი. ანდრონიკაშვილი, გრ. ვოლსკი, ვ. ლორტინი, ე. ტურკინი და კ. ჩხეიძე.
1902 წელს ქალაქის თვითმმართველობამ ახლად დაფუძნებული ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის გამოყო თანხა -1500 მანეთი, შემდეგ კიდევ 1000 მანეთი. ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილების საფუძველზე 1902 წლის 13 ოქტომბერს ბიბლიოთეკას ქალაქის სახლში ორი ოთახი დაეთმო (მოგვიანებით – ქალაქის საბჭოს აღმასკომის შენობა) და მუშაობა დაიწყო საჯარო ბიბლიოთეკის სახელწოდებით. სავარაუდოა, რომ ვინაიდან ბიბლიოთეკა იქ დიდხანს ვერ დარჩებოდა, მას ბინად ადრინდელი სახალხო ბიბლიოთეკის შენობა დაუთმეს ე. წ. ნურიის ბაზართან. ქალაქის თავის ლუკა ასათიანის სიცოცხლეში დაიწყო ერთსართულიანი შენობის აგება კომინტერნის ქუჩაზე (1900 წ.), ბიბლიოთეკა დიდხანს იყო განთავსებული საკმაოდ პატარა შენობაში მასწავლებლის სახლსა და ბაღს შორის, სადაც ამჟამადაც საქმიანობს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა. იმ ხანებში ახლად დაფუძნებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, უმთავრესად, იზრდებოდა ქველმოქმედების შედეგად – შემოწირული წიგნებით. პირველსავე დღეებში ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქეს იმდროისათვის ისეთმა ცნობილმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ: ნ.ს. დერჟავინი, ე.კ. ტურკინი, ა. რ. ივანოვი, ო. მ. კუზიატინა, ე. პრიმო. და სხვები. მათგან ბიბლიოთეკამ შეიძინა 223 დასახელების წიგნი. ფონდი შეავსეს აგრეთვე, ქალაქის გამგეობამ და კერძო პირებმაც, რამაც 6 068 ბეჭდვითი ერთეული შეადგინა. 1904 წელს შემოწირულობის სახით ბიბლიოთეკამ 100-მდე დასახელების წიგნი მიიღო. ამ დროს ბიბლიოთეკას ჰქონდა 20 სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი. მრავლდებოდა მკითხველთა შემადგენლობაც. 1904 წელს პირველად ჩატარდა წიგნადი ფონდის საინვენტარო აღრიცხვა და შეიქმნა საკატალოგო მეურნეობა. 1905 წლისათვის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უკვე ორიათას ეგზემპლარს შეადგენდა, მაგრამ 2005 წლიდან, რევოლუციური აღმავლობის დროს, მკვეთრად შემცირდა წიგნების შეძენა და პერიოდიკის გამოწერა, შემცირდა მკითხველთა რაოდენობაც, მაგრამ უკვე 1908 წლისათვის ბიბლიოთეკას 41 დასახელების პერიოდული გამოცემა ჰქონდა გამოწერილი, რომელთაგან 6 იყო ქართული: ,,განათლება“, ,,ჯეჯილი“, ,,თემი“, ,,იმერეთი“, ,,ბათუმის გაზეთი“ და ,,სახალხო გაზეთი“.
ბიბლიოთეკას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ე. ვ. ტურკინი (1902-1909წწ), პ. ი. კაზანოვსკი (1909-1910წწ), პ. დ. გამყრელიძე (1910 წ.), მარიამ გუსევა (1923-1956 წწ) – ნანა გვარიშვილი (1957-1966 წწ), ჯემალ ჯაყელი (1966-1967წწ), მამია ბერძენიშვილი (1968-1969 წწ), ეთერ ცივაძე (1969-1992 წწ), სოსო ჯორბენაძე (1992-1997წწ), გენადი მახარაძე (1997-2018 წწ).
2005-2007 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში მიმდინარე პროცესების შედეგად, 2007 წლის მიწურულს აჭარის აკაკი წერეთლის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას შეეცვალა სტატუსი და გარდაიქმნა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკად, რომელიც ორ შენობაში განთავსდა: ძირითადი კორპუსი (ვაჟა-ფშაველას ქ. #21) და საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება (ივ. ჯავახიშვილის ქ. #72).
საუკუნის დასაწყისიდან ბიბლიოთეკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, შემოტანილ იქნა კომპიუტერები, ტექნიკური აპარატურა, ვითარდება კომუნიკაციის სისტემები. 2009 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი კომპიუტერული ქსელი, დაიწყო ელექტრონული კატალოგების წარმოება, ინტერნეტი გამოიყენება საბიბლიოთეკო პროცესებისა და მკითხველთა მომსახურების დროს.
2011 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ვებ-საიტი. 2012 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკის ოფიციალური ფეისბუქგვერდი.
– წლის 1 ოქტომბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა მწერალი ინგა გოგიბერიძე, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ბიბლიოთეკის საქმიანობაში. გაუმჯობესდა ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: განახლდა და მოზაიკით დაიფარა შემოსასვლელი კიბის უჯრედები; დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პანდუსი; ძირითადი კორპუსის პირველ სართულზე იატაკი დაიფარა გრანიტის ფილებით; ფოიე და მეორე სართულის აივნის მიმდებარე სივრცე დამშვენდა დეკორატიული ფარდებით; კეთილმოეწყო ბიბლიოთეკის ეზო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 3D ფორმატით მოიხატა ეზოს კედელი; კლუბური შეხვედრებისთვის შეიქმნა კომფორტული სივრცეები, აბონემენტის და პერიოდიკის განყოფილებებს დაემატათ ახალი თაროები – შესაძლებელი გახდა აბონემენტის ფონდის თავისუფალი დაშვებით სარგებლობა და პრესის არქივზე (ნაწილობრივ) თავისუფალი წვდომა; ყდაში ჩაისვა 100 კომპლექტი გაზეთი პრესის ფონდიდან; გარემონტდა ბიბლიოთეკის სარდაფის 200 კვადრატული ფართი და 2019 წლის 21 დეკემბერს ბიბლიოთეკის რეაბილიტირებულ სარდაფში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა. მულტიმედიური სივრცე მოიცავს რარიტეტული წიგნებისა და საფოსტო მარკების მუზეუმს, ბავშვთა, საკონფერენციო, პრესის არქივისა და დეპოზიტარიუმის ოთახებს; პირველ და მეორე სართულის საცავებში დამონტაჟდა ტენიანობის განმსაზღვრელი კონდენციონერები; შენობაში მოეწყო სამკითხველო კუთხეები, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ბიბლიოთეკა ატარებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. საკლუბო შეხვედრებს, თემატური გამოფენებს და სხვადასხვა აქტივობას, რომელშიც იგულისხმება-საბიბლიოთეკო გაკვეთილი, ლიტერატურული თამაშები, დისტანციური კითხვის დრო, ინოვაციური ხატვის გაკვეთილები და მასტერკლასები, ინტეგრირებული გაკვეთილები, წიგნის განხილვები მატერიალურად და დისტანციურად, დაარსდა ფრანგული ენისა და ხატვის უფასო წრეები, ტარდებოდა წიგნების კითხვა და მათი ეკრანიზაციის ჩვენება – განხილვა, საჯარო ვიდეოლექციები, ლიტერატურული ვიდეო შეხვედრები; ონლაინ პოეზიის საღამოები, შეხვედრები და ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან – მხატვრებთან, ხელოვანებთან, მუსიკოსებთან, პოეტებთან და მწერლებთან, ახალგაზრდა მხატვრების ვირტუალური გამოფენები, ღია კარის დღეები, რარიტეტული ფონდის თემატური გამოფენები და სხვა. დღეს ბიბლიოთეკამ ფერი იცვალა მსოფლიო პანდემიის გამო და სამუშაო აქტივობას ყველა ონლაინრეჟიმში ატარებს. სწორედ ამიტომ არის გაძლიერებული ელექტრონულ ბაზებში მუშაობა: სულ მომზადდა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებულია აჭარაში გამოცემული გაზეთების 112 416 სტატიის ანალიტიკური აღწერილობის ელექტრონული ვერსია. 2018 წლის 1 ნოემბრიდან ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას დაემატა ჟურნალების ანალიტიკური აღწერილობის ელექტრონული ვერსია – სულ მონაცემთა ბაზაში განთავსებულია საქართველოს ჟურნალების 4 887 სტატიის ბიბლიოგრაფია, იქმნება ქართული და უცხოური წიგნების ელექტრონული კატალოგები. სულ შექმნილია ქართული წიგნების 24391 და უცხოური წიგნების 2177 ელექტრონული კატალოგი, შექმნილია ქართულენოვანი sd-დისკების 130 ელექტრონული კატალოგი; უცხოენოვანი კომპატდისკების 393 ელექტრონული კატალოგი; Dშშმპ 112 ელექტრონული კატალოგი; პლაკატი, ესტამპი და ფურცლოვანი გამოცემები – 141. იქმნება ბიბლიოთეკაში დაცული ქართული და რუსული გაზეთების ელექტრონული კატალოგი. სულ მომზადდა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსდა 298 732 ელექტრონული კატალოგი. დღეისათვის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსებულია 446 496 ჩანაწერი.
პანდემიის პერიოდში ბიბლიოთეკა მუშაობს შესაბამისი რეგულაციების დაცვით. დაარსებიდან 118 წლისთავის აღნიშვნა, სამწუხაროდ, დისტანციურ რეჟიმში გვიწევს, მაგრამ გვჯერა, მალე ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, ბიბლიოთეკის კარი გაიღება და დარბაზებიც მკითხველით აივსება.

«««