სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა მწერალ ანზორ კუდბასთან
შეხვედრა მწერალ ანზორ კუდბასთან
2019 წლის 5 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მწერალ ანზორ კუდბასთან და მისი წიგნის - ,,ჩრდილს ნუ მომიკლავთ!“- პრეზენტაცია.
შეხვედრა დაიწყო აჭარის ტელევიზიის მიერ შექმნილი მწერლის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიულ-პორტრეტული ფილმით, სადაც ბატონი ანზორი საუბრობს თავის მოღვაწეობაზე და ეფერება ბათუმს; 
ასევე ვიხილეთ ისტორიული ფრაგმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებისა, სადაც მწერალი, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აჭარიდან წარდგენილი დელეგატი და ერთ-ერთი ხელმომწერია ამ უმნიშვნელოვანესი აქტისა.
საღამოზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი - ინგა გოგიბერიძე, რომელმაც საზოგადოებას ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ანზორ კუდბას ნაშრომები გააცნო და აღნიშნა, რომ საჯარო ბიბლიოთეკის ყოველდღიურობა ანზორ კუდბას გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 
მას ბიბლიოთეკის კედლებსა და სივრცეში საპატიო ადგილი უჭირავს, ბიბლიოთეკის გუნდისთვის კი ეს ყოველდღიური, სასიამოვნო შეხვედრებია.
მართლაც, ეს გახლავთ კაცი - დიდი სულის, ფიქრის, ნიჭისა და გონების მატარებელი, რომელიც საოცრად უხდება ბათუმს და კიდევ უფრო დიდ სიფაქიზეს სძენს მაშინ, როცა მისი განუყრელი ქუდითა და დიდი ხელჩანთით ისე, თითქოს არც კი ეხება მიწას, დიდსულოვნად დააბიჯებს მშობლიურ ქალაქში. 
ანზორ კუდბა ხომ საპატიო ბათუმელია და ამ სტატუსს ღირსეულადაც ატარებს. 
შეხვედრა, საუბარი, წარდგინება დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
მწერლის ახალი ისტორიული რომანი - „ჩრდილს ნუ მომიკლავთ!“ - მისი შემოქმედების გვირგვინია. 
„საიდან მოდის ქართული სული?!“- წიგნში განხილულია ქართველი ადამიანის ისტორია მისი წარმოშობიდან დღემდე და ჩანს იდეა, რომ ქართველმა უნდა იცოცხლოს, საქართველო უნდა აღსდგეს ფენიქსივით და „ადამი“ უნდა დაუბრუნდეს თავის თავს! 
საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა, მწერლებმა, პოეტებმა, ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს ანზორ კუდბას პიროვნების, მისი უნიკალური შემოქმედებისა და ნიჭის შესახებ.
ავტორის თქმით, წიგნი, რომელიც შეიქმნა დიდი ჩაფიქრებისა და ფიქრთა კონცენტრაციით, მედიტაციითა თუ ქართულის სულის ძიების მიზნით, ქართველ ადამიანს აპოვნინებს პასუხს მარადიულ კითხვებზე: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ...“; როგორია გზა უფლის ქმნილებიდან - ადამიდან - ადამიანამდე; ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ჩრდილი და სულიერება... ამიტომაც, უნდა დავიბრუნოთ წარსული, რომ გვქონდეს მომავალი...
მწერალმა დასძინა, რომ სწორედ ამ წიგნზე მუშაობისას გაიგო მანძილი შუამდინარეთიდან სამოთხემდე და საქართველოდან სამოთხემდე...
და გამომდინარე აქედან, ყველა, ვინც გადაწყვეტს წაიკითხოს ეს წიგნი, კარგად უნდა მოკალათდეს „ფიქრის სავარძელში“...
 
   
 

«««