სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ისტორია
აკაკი  წერეთლის  სახელობის ქალაქ  ბათუმის  საჯარო  ბიბლიოთეკის  ისტორია

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს 1878 წელს ოსმალეთის მიერ მიტაცებული აჭარის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნება. კულტურულ-მწიგნობრივი საქმიანობის, ქართული სულისკვეთების აღდგენა-განმტკიცების მიზნით სკოლების გახსნისა და ქართული წერა-კითხვის გავრცელების პარალელურად, საჭირო იყო აჭარაში ბიბლიოთეკების დაარსება.  არსებული ვითარებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ამ საკითხის დადებითად მოგვარება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, დიდი ილიას მეთურობით, დაუცხრომლად იბრძოდნენ  იმისათვის, რომ ეს ნამდვილად მამულიშვილური საქმე დადებითად გადაეჭრათ.

  ბათუმში ბიბლიოთეკის დაარსების მოთავეები იყვნენ ბათუმის პირველი ქართული  სკოლის მასწავლებლები მიხეილ შარაშიძე და ტერენტი წერეთელი, რომელთა ინიციატივასაც უჭერდნენ მხარს იმხანად ბათუმში მოღვაწე საზოგადო მოღვაწეები დავით კლდიაშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ივანე მესხი. ამ პიროვნებების მცდელობის მიუხედავად, ქართულ სკოლასთან ბიბლიოთეკის დაფუძნება  ვერ მოხერხდა. მშველელად  ბათუმში  ბიბლიოთეკის გახსნის მოთავეებს მოევლინათ ბათუმელი მესამედასელები, რომლებსაც იმ დროს ცნობილი რევოლუციონერი საშა წულუკიძე ხელმძღვანელობდა.

ბიბლიოთეკის გახსნის დაჩქარებას დიდად შეუწყო ხელი 1899 წლის 31 ოქტომბერს პირველი ქართული სკოლის დარბაზში ქალაქის ინტელიგენციის საერთო კრების ჩატარებამ, რომელიც ბიბლიოთეკის დაფუძნების საკითხს მიეძღვნა. კრებას თავმჯდომარეობდა ბიბლიოთეკის დაარსების ინიციატორი ნინო ქიქოძე. კრებამ ჯერ გაუხსნელი ბიბლიოთეკის წევრებად მიიღო 108 ხელისმომწერი და აირჩია ექვსი საპატიო წევრი: პ. ლომინაძე, ზ. აბაშიძე, ე. ბერძენიშვილი, გრ. ვოლსკი, ზ. ბერძენიშვილი და გრ. თოიძე,   რომლებმაც ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის ქველმოქმედების სახით 25-25 მანეთი გაიღეს.   კომისიაში, რომელიც უზრუნველყოფდა ახალი ბიბლიოთეკის საქმიანობას, არჩეული იყვნენ ქალაქის საზოგადო მოღვაწეები: ნ. ქიქოძე, მ. მხეიძე, მ. ელიავა, ნ. ბერძენიშვილი, თ. საბაევა და გ. მჭედლიშვილი.      მარიამ მხეიძის სახელზე მთავრობის მიერ გაცემულ ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვას ვადა გასდიოდა, კომიტეტი იუძულებული გახდა დაუყოვნებლივ გაეხსნა ბიბლიოთეკა და ნურიის ბაზართან (ამჟამად ხელოვნების მუზეუმის ტერიტორია) დაექირავებინა პატარა შენობა. ამგვარად, 1900 წლის მარტში ბათუმში პირველი სახალხო ბიბლიოთეკა გაიხსნა.  

 გაზეთი ,,კვალი“ წერდა: ,,გასულ კვირაში ბათუმში აკურთხეს პირველი სახალხო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა მოთავსებულია ბაზრის ახლოს და ძალიან ბევრი მკითხველი ეხვევა“ (1900 წ. 26 მარტი). 

 ახლად დაარსებული ბიბლიოთეკის ავტორიტეტი დღითი დღე იზრდებოდა, პირველ წელს მხოლოდ პერიოდიკას გასცემდნენ, რომელიც საკმაოდ იყო ბიბლიოთეკაში რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზე. 1901 წლიდან ბიბლიოთეკამ წიგნების გაცემაც დაიწყო. ბიბლიოთეკა სწრაფად კარგავდა წამატებულ პოზიციებს, რადგან არსებული წიგნადი ფონდი ჯეროვნად ვერ ივსებოდა და ვერ აკმაყოფილებდა მკითხველთა მოთხოვნებს.

1901 წლის   გაზეთ ,,კვალის“ 50-ე ნომერში ვკითხულობთ: ,,ბათუმის ბიბლიოთეკას ,,ბიბლიოთეკა“ სულ ტყვილად ეწოდება. ის მისი რამდენიმე ჟურნალ-გაზეთებით და სულ მცირედი წიგნებით უბრალო სამკითხველოსა ჰგავს და არა ბიბლიოთეკას.“ გაზეთის ეს კორესპონდენცია მოსახლეობის ფართო ფენების აზრს გამოხატავდა.   ამას ისიც დაემატა, რომ გამგე მარიამ მხეიძე, რომლის სახელზეც იყო გახსნილი ბიბლიოთეკა, საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. მაშინდელი კანონით, თუ ბიბლიოთეკას არ ჰყავდა გუბერნატორის მიერ დამტკიცებული პასუხისმგებელი პირი, ასეთი ბიბლიოთეკის არსებობა კატეგორიულად დაუშვებელი იყო. ამიტომაც მმართველობის რევიზიამ 1902 წელს ბიბლიოთეკა დახურა.   

ბიბლიოთეკის დაარსების ერთ-ერთმა მონაწილემ გრ. ვოლსკიმ, რომელიც მაშინ ქალაქის მმართველობაში მუშაობდა, 1902 წლის მარტში ბათუმში ბიბლიოთეკის გახსნის საკითხი სათანადო განხილვისათვის წარადგინა ქალაქის მმართველობაში. ქალაქის გამგეობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ქალაქის გამგეობის ეს გადაწყვეტილება 1902 წლის 28 აპრილს გამართულ ბიბლიოთეკის საერთო კრებას მოხსენდა. კრებამ დამსწრეთა ხმის დიდი უმრავლესობით მოიწონა ქალაქის გამგეობის გადაწყვეტილება და მიიღო სათანადო დადგენილებაც, რომლის საფუძველზედაც, ბათუმში 1900 წელს დაფუძნებული საქალაქო-სახალხო ბიბლიოთეკა უნდა შერწყმოდა ახლად ჩამოყალიბებულ საჯარო ბიბლიოთეკას. ამავე კრებამ აირჩია ასევე საჯარო ბიბლიოთეკის საბჭოს ახალი შემადგენლობაც. ამ ახალ საბჭოში შევიდნენ შემდეგი პირები: ივანე ანდრონიკაშვილი - ბათუმის ქალაქის თავი,  გრიგოლ ვოლსკი, . ტურკინი და . ჩხეიძე.

ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილების საფუძველზე 1902 წლის 13 ოქტომბერს ბიბლიოთეკას  დაეთმო  ქალაქის სახლში ორი ოთახი (შემდგომში  ქალაქის საბჭოს აღმასკომის შენობა, ახლანდელ ქალაქ ბათუმის მერიის შენობა) და დაიწყო მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკის სახელწოდებით.  სავარაუდოა, რომ ბიბლიოთეკა იქ დიდხანს ვერ დარჩებოდა, მოსალოდნელია, რომ მას ბინად ადრინდელი სახალხო ბიბლიოთეკის შენობა დაუთმეს ე. წ. ნურიის ბაზართან.  ქალაქის თავის ლუკა ასათიანის სიცოცხლეში დაიწყო ერთსართულიანი შენობის აგება კომინტერნის ქუჩაზე. ბიბლიოთეკა დიდხანს იყო განლაგებული საკმაოდ პატარა შენობაში მასწავლებლის სახლსა და ბაღს შორის, სადაც ამჟამადაც საქმიანობს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა.

1902 წელს ქალაქის თვითმართველობამ ახალად დაფუძნებული ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის გამოჰყო ფული - 1500 მანეთი, შემდეგ კიდევ - 1000 მანეთი.  იმ ხანებში ახლად დაფუძნებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უმთავრესად იზრდებოდა ქველმოქმედებით, შემოწირული წიგნების სახით. პირველსავე დღეებში ბიბლიოთეკას წიგნები შეწირეს იმდროისათვის ცნობილმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ:   ნ.ს. დერჟავინი,  ე.კ. ტურკინი, ა. რ. ივანოვი, ო. მ. კუზიატინა, ე. პრიმო. და სხვები. მათგან ბიბლიოთეკამ შეიძინა 223 დასახელების წიგნი. ფონდის შევსება მოხდა აგრეთვე ქალაქის გამგეობისა და კერძო პირთა მიერ, რამაც 6 068 ბეჭდვითი ერთეული შეადგინა. 1904 წელს შეწირულების სახით ბიბლიოთეკამ 100-მდე დასახელების წიგნი მიიღო.  ამ დროს ბიბლიოთეკას ჰქონდა 20 სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი. მრავლდებოდა მკითხველთა შემადგენლობაც. 1904 წელს პირველად ჩატარდა წიგნადი ფონდის საინვენტარო აღრიცხვა და შეიქმნა საკატალოგო მეურნეობა.  1905 წლისათვის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უკვე ორი ათას ეგზემპლიარს, მაგრამ რევოლუციური აღმავლობის დროს, მკვეთრად შემცირდა წიგნების შეძენა და პერიოდიკის გამოწერა; შემცირდა მკითხველთა რაოდენობაც. 1908 წლისათვის ბიბლიოთეკას 41 დასახელების პერიოდული გამოცემა აქვს გამოწერილი, რომელთაგან 6 იყო ქართული: ,,განათლება“,,,ჯეჯილი“, ,,თემი“, ,,იმერეთი“, ,,ბათუმის გაზეთი“ და ,,სახალხო გაზეთი“.

ხვადასხვა დროს ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები:

     1902 წლის 13 ოქტომბრიდან 1909 წლის 13 თებერვლამდე ე. ვ. ტურკინი;

     1909 წლის 13 თებერვლიდან  1910 წლის 13 აპრილამდე  პ. ი. კაზანოვსკი;

     1910 წლის 13 აპრილიდან პ. დ. გამყრელიძე. ბიბლიოთეკის გამგის მოადგილე, ბიბლიოთეკის დაარსებიდან, იყო მ. მ. კუზიატინა;

          მასალის სიმცირის გამო სრულყოფილად არაა გამოკვლეული, თუ როგორ საქმიანობდა ბიბლიოთეკა 1910- იან წლებში.

      1923-1956 წლებში   მარიამ გუსევა;

      1957-1966  წებში  ნანა გვარიშვილი;

      1966-1967 წლებში ჯემალ ჯაყელი;

      1968-1969 წლებში მამია ბერძენიშვილი;  

      1969-1992 წლებში ეთერ ცივაძე;

      1992-1997 წლებში სოსო ჯორბენაძე;

      1997-2018 წლებში გენადი მახარაძე; 

      2018- 2020 წლებში ინგა გოგიბერიძე;

       2021 წელს თეონა ბერიძე;

       2022 წლის იანვრიდან ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ჯონი საბაშვილი.

       1937 წელს ბიბლიოთეკა გარდაიქმნა ,,სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკად,“ მიენიჭა დიდი ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელი. 

1959 წელს ბათუმის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა გადაკეთდა აჭარის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკად და იქცა რეგიონში არსებული ბიბლიოთეკების მეთოდურ-პრაქტიკული დახმარებისა და საბიბლიოთეკო მუშაობის კოორდინაციის ცენტრად.

 1959-1963 წლებში ბიბლიოთეკის ადრინდელ  შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი ორსართულიანი შენობა მიაშენდა. ამგვარად, ბიბლიოთეკის შენობა განთავსდა ორი ქუჩის (ვაჟა-ფშაველასა და მემედ აბაშიძის) კვეთაზე, სადაც ამჟამადაც აგრძელებს ფუნქციონირებას.

2005-2007 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში მიმდინარე პროცესების შედეგად,  აჭარის აკაკი წერეთლის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას  2007 წლის მიწურულს შეეცვალა სტატუსი და ის გარდაიქმნა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკად, რომელიც ორ შენობაში განთავსდა: ძირითადი კორპუსი (ვაჟა-ფშაველას ქ. #21) და საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება (ივ. ჯავახიშვილის ქ. #72).      

120 წლის ბიბლიოთეკას, ცხადია, მეტად საინტერესო და საყურადღებო ფონდი გააჩნია. აქ თავმოყრილია როგორც ძველი, ისე ახალი წიგნებისა და პერიოდიკის ფონდები სხვადასხვა ენებზე, კარტოგრაფიული და გრაფიკული გამოცემები, დისკები და მრავალგვარი აუდიოვიზუალური მასალა. ფონდში დაცული დოკუმენტები წარმოდგენილია ქართულ, რუსულ, აფხაზურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, თურქულ, არაბულ, უკრაინულ, ბერძნულ, პოლონურ, ჩეხურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ტაჯიკურ, ბასკურ, ქართულ, ებრაულ, ირანულ, შვედურ, იაპონურ, ბულგარულ, ყაბარდოულ ენებზე. 2022 წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს 573 325 ერთეულს.

მომხმარებელთან მუშაობის თვალსაზრისით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ქალაქის საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ბიბლიოთეკაში გამართულ შემეცნებით და შემოქმედებით დიალოგებსა და დისკუსიებში, საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობ აქტივობებში, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებებში, ახალგამოცემული წიგნების წარდგენებში, ლექციებში, საკლუბო შეხვედრებში, კონფერენციებში, რარიტეტული და ახალმიღებული წიგნების გამოფენებში, ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებში, ბათუმში მოღვაწე შემოქმედ, ღვაწლმოსილ და ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდებთან მუშაობას. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებებსა და კლუბურ შეხვედრებში.

 2009 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი ელექტრონული ქსელი, 2001 წლიდან ინტერნეტი გამოიყენება საბიბლიოთეკო პროცესებში და მკითხველთა მომსახურებისას.    2010 წლიდან იქმნება ბიბლიოთეკის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა.

  ბიბლიოთეკა თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალურ გამგეობებთან, სხვადასხვა საელჩოებთან,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, სამრეწველო პალატასთან. 

 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა თანამედროვე სტანდარტებით მოღვაწეობს. აქ ყველა პირობაა შექმნილი საქმიანობის მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართვისათვის. იგი არა მარტო დიდი წარსულის, საინტერესო და მრავალფეროვანი დღევანდელი საქმიანობის, არამედ მასშტაბური სამომავლო პერსპექტივების მქონე ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი საგანმანათლებლო კერაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


«««